რეგისტრაცია

პუტინი მოკვდა? რა ინფორმაცია ვრცელდება…

25 Jan 2024, 01:08

 

ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ხმები პუტინის მრავალრიცხოვან „გულის შეტევებზე“ შეიძლება მის სასარგებლოდ ვრცელდება“ (ავტორი - ჰოლი ევანსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მრავალი წლის განმავლობაში ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უამრავი სპეკულაციური ინფორმაციები და ხმები ვრცელდებოდა და ამ მხრივ გამონაკლისი არც მიმდინარე წელი გამხდარა. ამას წინათ, უცხოურმა მასმედიამ ყურადღება მიაქცია რამდენიმე მომენტს: ვლადიმერ პუტინის „ორეულებს“, საიდუმლოდ ჩატარებულ ქიმიოთერაპიას, პარკინსონის ავადმყოფობას და კიბიდან გადმოვარდნას.

მაგრამ ამ ბოლო კვირაში ყველაზე მეტი ხმა გავრცელდა რუსეთის 71-წლიანი პრეზიდენტის ჯანმრთელობის განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაზე - სხვადასხვა ინსაიდური წყაროს ინფორმაციით, მისი უსაფრთხოების სამსახურის მუშაკები ძალიან შეშფოთდნენ, როცა პრეზიდენტის საძინებელი ოთახიდან სხეულის დავარდნის ხმა გაიგეს. ისინი სასწრაფოდ შევიდნენ ოთახში და იატაკზე წაქცეული და კონვულსიაში მყოფი ვლადიმერ პუტინი დაინახეს. როგორც ამბობენ, სასმელები და საჭმელებიც ირგვლივ იყო მიმოფანტული. სასწრაფოდ გამოძახებულ ექიმებს პრეზიდენტის მიმართ რეანიმაციული ზომები მიუღიათ. ვლადიმერ პუტინის გარემოცვისათვის პანიკის მომგვრელი აღმოჩნდა ვარაუდი, რომ მას, სავარაუდოდ, ინფარქტი ჰქონდა - გული გაუჩერდა.

კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, რომელსაც ჟურნალისტებმა ამ ინციდენტზე კითხვა დაუსვეს, განაცხადა, რომ პრეზიდენტი კარგად არის და „გავრცელებული ხმები აბსურდულ მისტიფიკაციას“ წარმოადგენს.

ეს სენსაციური ისტორია, რომელიც რამდენიმე დასავლურ გამოცემაში გამოქვეყნდა, თავდაპირველად იდუმალ „ტელეგრამ-არხზე“ გამოჩნდა, სახელწოდებით General SVR (ანუ „საგარეო დაზვერვის სამსახურის გენერალი“ - რუსული აბრევიატურით).

იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ფეიკური ინფორმაციები პუტინის ავადმყოფობის თაობაზე ადრეც იყო გამოქვეყნებული (პირველად - 2020 წელს), არის იმის ეჭვი, რომ ყალბ ცნობებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლები სპეციალურად ავრცელებენ. მსგავსი განცხადებების აშკარა სიყალბის მიუხედავად, მათით ხშირად სარგებლობენ მსოფლიოს ტაბლოიდები, რომლებიც ამ თემაზე მყვირალა სათაურებით აქვეყნებენ ყველანაირ „მიმზიდველ მასალებს“.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ასეთი მასალების გავრცელება რუსეთის რეჟიმისათვის სასარგებლო და მოგებიანია.

„ინდეფენდენტთან“ საუბრისას ჯეიმს ნიქსი - ანალიტიკური ცენტრის - „ჩეთემ ჰაუსის“ (დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის) ექსპერტი აღნიშნავს: „აბსოლუტურად ნათელია, რომ დეზინფორმაციის გავრცელება ხდება იმ კონკრეტული წყაროს მიერ, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას ემსახურება. კრემლისთვის მოგებიანია, რომ მოსახლეობაში ვრცელდება დაბნეულობა და გაურკვევლობა, ხალხი შეშფოთებულია და ამ დროს უცებ ცნობილი ხდება, რომ ყველაფერი, თურმე, დასავლეთის ხრიკებია, სინამდვილეში, პრეზიდენტი კარგად არის“.

ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცხოურ მასმედიაში განსაკუთრებით პოპულარული იყო უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრის წინ. „ეს იყო ყურადღების გადატანის მცდელობა, სასურველის წარმოდგენა სინამდვილედ“, - ამბობს ჯეიმს ნიქსი.

„საერთოდ, 71 წელი რუსი მამაკაცისათვის სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო ასაკს წარმოადგენს. რასაკვირველია, ვლადიმერ პუტინი ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე არ არის. მას ბევრად უკეთესი სამედიცინო მომსახურება აქვს. გარდა ამისა, თავისი წინამორბედებისაგან განსხვავებით, არ სვამს სპირტიან სასმელებს და არ ეწევა თამბაქოს. ვფიქრობ, რომ საკმაოდ დამაჯერებლად შეიძლება ითქვას: ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ კარგია მის 71-წლიან ასაკში“, - აცხადებს „ჩეთემ ჰაუსის“ მკვლევარი.

იგივე აზრი აქვს ისტორიკოსს, პროფესორ მარკ გალეოთის, რომელიც, ასევე, ფიქრობს, რომ კრემლი დეზინფორმაციას მართლაც წინასწარგანზრახულად ავრცელებს.

„ასე რომ არ იყოს, განა რუსეთის კონტრდაზვერვას ვინმე გამოეპარებოდა ვლადიმერ პუტინის გარემოცვიდან, რომელიც პრეზიდენტის სახელის გამტეხ მასალებს ავრცელებს? ძალიან მცირე ალბათობაა იმისა, რომ კრემლში მართლაც ვიღაც ბოროტგანმზრახველი მოქმედებს და კონტრდაზვერვამ ვერ დაიჭირა. პუტინის უშუალო გარემოცვა „შავ ყუთს“ ჰგავს, სადაც ინფორმაცია დაფარულია. არათუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩვენ ხშირად ისიც კი არ ვიცით, თუ სად იმყოფება იგი, რუსეთის ტერიტორიაზე“, - ამბობს მარკ გალეოთი.

ვლდიმერ პუტინის ირგვლივ გავრცელებული სპეკულაციები მხოლოდ ჯანმრთელობის კონკრეტული მდგომარეობით არ შემოიფარგლება. ახლო წარსულიდან გვახსოვს, რომ მასზე წერდნენ - ძლიერი შიშის გრძნობას განიცდის და პარანოია აქვს კორონავირუსის მიმართო და ამის დამადასტურებლად მაგიდასთან მჯდომი პრეზიდენტის ფოტოზე მიუთითებდნენ, სადაც იგი მოსაუბრესთან საკმაოდ მოშორებით ზის. წერდნენ იმასაც, რომ იგი მიწისქვეშა საიდუმლო ბუნკერებში ცხოვრობს და მასთან მისასვლელად უცხოელ სტუმრებს, მინისტრებს და სხვა პასუხისმგებელ მაღალჩინოსნებს ლოდინი და ულტრაიისფერსხივებიანი გვირაბის გავლა უხდებათო.

ერთ-ერთი ყველაზე მყარი „ხმა“, რომელიც ასაკოვანი ტირანის შესახებ არსებობს, იმით გამოიხატება, რომ მას, თითქოსდა, ორეულები ჰყავს. მართლაც, ბევრისთვის უცნაური და მოულოდნელი იყო პრეზიდენტის გამოჩენა დაღესტნის მოსახლეობის წინაშე, სადაც იგი გაბედულად დადიოდა და არ ჰგავდა შეშინებულ და პარანოიდალურ ლიდერს.

იშვიათ შემთხვევებში, როცა იგი თავისი, მკაცრად დაცული რეზიდენციებიდან გარეთ გადიოდა ხოლმე, მას ზოგჯერ ხედავდნენ, თუ როგორ ართმევდა ხელს მისთვის ახლობელ და ნაცნობ ადამიანებს ან როგორ კოცნიდა მსუბუქად ლოყაზე ქალებს.

იმ დროს, როცა ხელისუფლებაში ოცწლიანი ყოფნის პერიოდში, ვლადიმერ პუტინი არასოდეს მისალმებია თავისი დაცვის წევრებს, ამას წინათ მან ხელი ჩამოართვა და ფორმა გაუსწორა ერთ-ერთ ოფიცერს, რამაც ხმები გამოიწვია - პრეზიდენტი ნამდვილი კი არა, ორეული არისო.

ისინი, რომლებსაც ამ თეორებისა სჯერათ, ერთმანეთს ორ ფოტოსურათს ადარებენ - ერთზე, ივნისში გადაღებულზე, მისი სახე გასივებულია და ყურებს სხვადასხვა ფორმა აქვთ, მეორეზე კი, შარშანდელზე, პუტინი ცხენზე ზის, წელს ზემოთ შიშველია და მამაკაცურ ძალას დემონსტრირებს.

ორეულის შესახებ მარკ გალეოთი ასე ამბობს: „დიახ, ჩვენ მოწმენი ვართ შემთხვევისა, როცა იგი მოსახლეობას ხვდება და ასეთ სიტუაციებში დარწმუნებული ვარ, იგი ნამდვილი პუტინი არ არის. მაგრამ ვერ გავიზიარებ General SVR-ის მტკიცებას, რომ მას ყოველთვის ორეული განასახიერებს. უბრალოდ, არ მჯერა“.

კითხვაზე, სარგებლობს თუ არა ვლადიმერ პუტინი ორეულებით, კრემლის პრეს-მდივანს დიმიტრი პესკოვს გაიცინა: „შემიძლია გითხრათ, რომ პრეზიდენტს ორეული არ ჰყავს. ასეთი ცნობები ფეიკურია, რომლებსაც მასმედიის რიგი საშუალებები ავრცელებენ. ეს მხოლოდ ღიმილს იწვევს“.

2020 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა უარყო ხმები, რომ იგი ორეულს იყენებს, თუმცა თქვა, რომ ახლო წარსულში მას მართლაც სთავაზობდნენ ორეულით სარგებლობას, უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„ერთი მხრივ, მსგავსი ინფორმაციები „პრეზიდენტის ზუსტი ასლების“ შესახებ სამეცნიერო ფანტასტიკასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე - სინამდვილესთან", - ამბობს ჯეიმს ნიქსი, - "მაგრამ, მეორე მხრივ, ჩემი აზრით, ადამიანები გულუბრყვილონი არიან, როცა სჯერათ, რომ ასეთი ფაქტები არ ხდება. დიახ, თითქოსდა, ეს ორი მომენტი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მაგრამ ისეთ ავტორიტარულ სახელმწიფოში, როგორიც რუსეთია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

აგრეთვე იხილეთ: