რეგისტრაცია

(ვიდეო) ვის შეიძლება, დაემართოს ინსულტი - სპეციალისტი ყველაზე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორებს ასახელებს

25 Jan 2024, 14:07

ვის შეიძლება, დაემართოს ინსულტი - სპეციალისტი ყველაზე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორებს ასახელებს

ნევროლოგი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე გადაცემაში "პირადი ექიმი" ინსულტის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორებსა და პრევენციულ ნაბიჯებზე საუბრობს:

- ერთ-ერთი უმძლავრესი რისკის ფაქტორი არტერიული ჰიპერტენზია გახლავთ. ანუ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ არტერიული ჰიპერტენზია გვაქვს, ინსულტის, ისევე, როგორც მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების მაღალი რისკი გვაქვს. შესაბამისად, ამ დაავადებას უნდა ვებრძოლოთ. არტერიული წნევა მოვიწესრიგოთ და ეს მოგვცემს საშუალებას, თავიდან ავიცილოთ ინსულტი და არა მხოლოდ ინსულტი, არამედ სხვა სისხლძარღვოვანი დაავადებებიც. გარდა არტერიული ჰიპერტენზიისა, გულის გარკვეული პათოლოგიები საყურადღებოა. განსაკუთრებით, გულის რითმის დარღვევით მიმდინარე პათოლოგიები. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი მოციმციმე არითმიაა. აღმოჩნდა, რომ მოციმციმე არითმიის შემთხვევაში, გულის გარკვეულ უბანში, უფრო ხშირად წინაგულში, თრომბი წარმოიქმნება, შესაძლოა თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვი დაიხშოს და იშემიური ინსულტი განვითარდეს.

ტრადიციულად, შაქრიანი დიაბეტი ინსულტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორია. შესაბამისად, ჩვენს სისხლში შაქრის კონცენტრაციის მიმართ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და აუცილებლად თვალი ვადევნოთ.

უნდა ვიცოდეთ, რომ ათეროსკლეროზი იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის განვითარების ერთ-ერთი უმძლავრესი რისკის ფაქტორია.

ცხოვრების წესი ასევე ძალიან საყურადღებო ფაქტორია. დადგენილია, რომ ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობისა და ვარჯიშის უგულებელყოფა, ინსულტის განვითარების ერთ-ერთი რისკის ფაქტორია. არა მხოლოდ ინსულტის, არამედ სხვა სისხლძარღვოვანი დაავადებების. თუნდაც მცირე ფიზიკური დატვირთვა ინსულტის თავიდან აცილების თვალსაზრისით ძალიან დიდ როლს ასრულებს. მაგალითად, კიბეზე ასვლა არა ლიფტით, არამედ ფეხით. ხშირი წამოდგომა სამუშაო ადგილიდან, მაგიდიდან, ოთახში რამდენიმე ნაბიჯის გავლა. თითქოს, არაფერი, მაგრამ დადგენილია, რომ ასეთი აქტივობაც კი, გარკვეულ როლს ასრულებს. ცხადია, ეფექტი ძალიან დიდი არ არის, მაგრამ მისი უგულებელყოფა არ შეიძლება.

აგრეთვე იხილეთ: