რეგისტრაცია

ნანიკო კაკონაშვილი სოფელ შილდიდან, რომელმაც კომაროვის სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ამერიკაში პრესტიჟულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

31 Jan 2023, 17:45

ნანიკო კაკონაშვილი სოფელ შილდიდან, რომელმაც კომაროვის სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ამერიკაში პრე...

ნანიკო კაკონაშვილი კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულია. მან სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ამერიკაში, პრესტიჟულ უნივერსიტეტში, Dartmouth College-ში, სრული დაფინანსებით აგრძელებს სწავლას. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ბევრი სხვადასხვა აქტივობა გაიარა, ჩაერთო უამრავ პროექტსა და ღონისძიებაში და წლებთან ერთად, საკუთარი უნარები და შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესა. ის უფრო ზუსტად გვიყვება, რა მიმართულებით სწავლობს ახლა, რა დაეხმარა წარმატების მიღწევაში და რას გეგმავს სამომავლოდ:

- STEM საგნებს ვსწავლობ და მომავალშიც ვაპირებ, სწავლა და კარიერა სტემს დავუკავშირო. ერთი თვის წინ გავიგე, რომ აივი ლიგის წევრ Dartmouth College-მა სრულად დამაფინანსა, შესაბამისად, ბაკალავრიატის დიპლომს ამერიკაში, ნიუ ჰემფშირის შტატში ავიღებ. გზა, რომელმაც Dartmouth College-მდე მიმიყვანა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში იწყება. ჩემი ოჯახის დახმარებით მეოთხე კლასიდან კომაროვის საშაბათო სკოლაში შევედი, სადაც ალექსანდრე თანდილაშვილი მასწავლიდა. ვმონაწილეობდი კინგსის, ევერესტის, სმარტის, კენგურუსა და ვეკუას ოლიმპიადებში. თავიდან თითქმის უშედეგოდ, მაგრამ ჩემი მშობლების შეუპოვრობისა და მათემატიკის დიდი სიყვარულის დამსახურებით მეოთხე კლასში რეგიონის მასშტაბით, მეექვსე კლასში კი საქართველოს მასშტაბით რამდენჯერმე გავედი პირველ ათეულში, მეექვსე კლასშივე მოვიპოვე პირველობა ვეკუას ოლიმპიადაზე საქართველოს მასშტაბით. საშაბათო სკოლის საბოლოო გამოცდაში ტოპ 50 ბავშვში მოვხვდი, რის შედეგადაც კომაროვის სკოლაში ავტომატურად ჩავირიცხე.

- ჩართული ხართ ბევრ სხვადასხვა პროექტში - მოგვიყევით თქვენი წარმატებების შესახებ.

- კომაროვში სწავლის მესამე წელს, მე-9 კლასში, კლასგარეშე აქტივობების მიმართულებით დავიწყე აქტიურობა. გავდიოდი ოლიმპიადებზე, რომელთაგანაც ერთ-ერთში, ლიეტუვაში საერთაშორისო პირველობა მოვიპოვე; გავხდი EducationUSA-ს ლიდერთა აკადემიის წევრი და ვცდილობდი, ყველა შესაძლებლობა გამომეყენებინა გამოცდილების მისაღებად და საყვარელი საქმიანობის საპოვნელად. ამ წლებში ვიყავი მოხალისე მასწავლებელი( Helping Hand ), ვმოხალისეობდი შშმ პირებთან (MAC Georgia), მონაწილეობა მივიღე რამდენიმე ამერიკული კუთხის პროექტში, ჩავერთე BTU უნივერსიტეტის პროექტში school of digital culture, თავისუფალი უნივერსიტეტის დიპლომატიის სკოლაში და ფრანკლინის კლუბში. ამ პროექტებმა მომცა უნარები, რომლებიც დამეხმარა გავმხდარიყავი კომაროვის სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტი, დავაარსე მუსიკის კლუბი, "მაგელანების" ასოციაცია და ვხელმძღვანელობდი საკმაოდ მასშტაბურ პროექტებს. სკოლის გარეთ კი მოვიპოვე ბენჟამენ ფრანკლინის პრემია, ვისწავლე ამერიკაში ერთი თვით და ჩემს გუნდთან ერთად ტექნოვეიშენ საქართველოს პროექტში გავიმარჯვე.

1675114036647-1675148552.jpg

- კომაროვის სკოლა ოქროს მედალზე დაასრულეთ - გაგვიზიარეთ, ამ წლების განმავლობაში რა იყო მთავარი სირთულე, რაზეც მუშაობდით, იყო რომელიმე საგანი, რომელიც შედარებით გიჭირდათ და ბევრი დროის დათმობა გჭირდებოდათ?

- კომაროვის აკადემიურად დატვირთულ და მომთხოვნ რეჟიმთან საკმაოდ გამირთულდა შეგუება. იმის გამო, რომ მაღალი შეფასება შემენარჩუნებინა მეშვიდე - მერვე კლასებში მთელ დროს სკოლას ვუთმობდი. კონკრეტული საგანი არ გამჭირვებია, მაგრამ მათემატიკა ყველაზე შრომატევადი იყო და, შესაბამისად, ყველაზე მეტ დროს ვუთმობდი.

- ზოგადად, კომაროვის სკოლაში, თქვენი შეფასებით, რამდენად რთულია სწავლა?

- ჩვენი სკოლის დინამიკურობას თანდათან ვეჩვეოდი, თავიდან საკმაოდ ვიწვალე, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ კომაროვში სწავლა რთული იყო - ვმეცადინეობდი, სირთულეებისა და გაუგებარი საკითხების გადაჭრაში კი ყოველთვის მეხმარებოდნენ მასწავლებლები ან კლასელები. ვფიქრობ, რაღაც რთული მაშინაა, როცა გამოსავლის პოვნა გიჭირს, მე კი, ჩემი დამრიგებლისა და ამავდროულად, მათემატიკის მასწავლებლის, ლუნა გუგეშაშვილისა, და კლასელების დახმარებით, ყოველთვის ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა და მხოლოდ განხორციელებაღა მრჩებოდა - ამისთვის სწორი კითხვების დასმა მჭირდებოდა და ვმუშაობდი ამ უნარის სწრაფად გამომუშავებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ კომაროვი სხვა საჯარო სკოლებთან შედარებით უფრო მეტ მუშაობას მოითხოვს, რადგან მათემატიკასა და ფიზიკაში მეტ მასალას სწრაფად გავდივართ - ვიტყოდი, რომ სწავლა შედარებით რთულია. მაგრამ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას ობიექტური მაინც ვერ ვიქნები.

- როგორ ფიქრობთ, რა უნარები და ცოდნა დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

- "წარმატების მიღწევა" ინდივიდუალურია - ჩემთვის ეს ჩემი თავის საუკეთესო ვერსიად გახდომას ნიშნავს, რისთვისაც ყოველდღიურად ვმუშაობ. ვფიქრობ, უნარები, რომლებმაც დღევანდელ მიღწევებამდე მომიყვანა საკუთარ თავთან გულწრფელობა და მისი უწყვეტი შეცნობის სურვილია. თუ საკუთარი თავის და ამასთანავე, სამყაროს შეცნობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, უფრო ადვილად და გულღიად დავუკავშირდებით სხვა ადამიანებს და არ შეგვეშინდება კითხვების დასმის - კითხვების დასმა ადამიანის პიროვნული და აკადემიური ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. მრავალი სიკეთე მოაქვს მუშაობას საკუთარი თავისა და სამყაროს შესაცნობად - ყველა ამ სიკეთის დამსახურებით მაქვს ზემოთ აღნიშნული მიღწევები.

1675114950696-1675148566.jpg

- რა შეგიძლიათ ურჩიოთ მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, რა უნდა გაითვალისწინონ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე?

- არ შეეშინდეთ კითხვების დასმისა და საკუთარი სურვილების ხმამაღლა გამოხატვის. ჩუმად ოცნებით, კავშირების გაბმის გარეშე, იშვიათია, რამე გამოვიდეს. ამასთან, იცნობდნენ საკუთარ თავს და ჰქონდეთ მყარი პრიორიტეტები; დრო და ენერგია დაახარჯონ იმ საქმეს, რომელიც მათთვის უფრო მნიშვნელოვანია.

- რას გეგმავთ სამომავლოდ? რა მიმართულებით გსურთ წარმატების მიღწევა და რა სფეროში ხედავთ საკუთარ თავს?

- მიჭირს, ზუსტად გაგცეთ პასუხი. უნივერსიტეტში ხელოვნურ ინტელექტს ვისწავლი ეკონომიკასთან ერთად. იმის მიუხედავად, რომელ სფეროში ვიქნები, ვგეგმავ ეფექტური ალტრუისტი გავხდე. დიდი გეგმები მაქვს, მეტ კონკრეტიკას უფრო მეტად “გაზრდილი” ნანიკო შემოგთავაზებთ ახლო მომავალში. ახლა კი ჩემი მიზანი მეტი პიროვნული და ინტელექტუალური ზრდა რჩება.

თამარ იაკობაშვილი

აგრეთვე იხილეთ: