რეგისტრაცია

დაუჯერებელი ამბავი:"უცხოპლანეტელი" რუსები - უყურებს თუ არა პუტინი კრემლიდან თბილისის ქუჩებს ონლაინ რეჟიმში?!

08 Jan 2024, 15:06

ხანდახან ისეთი ინფორმაცია ვრცელდება, რომლის დაჯერებაც, უბრალოდ არ გინდა -თურმე,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო პოლიგონების თავზე უცხო დრონები დაფრინავენ...ერთ წელზე მეტხანს და ეს ვერანაირად ვერ აღკვეთეს ასე ნაქებმა გერმანელმა პოლიციელებმა და სამხედროებმა...

ასეთ ინფორმაციას ცნობილი და ავტორიტეტული გერმანული გამოცემა BILD-ი ავრცელებს და ოფიციალური პირების განცხადებებს იშველიებს ,რაც ამ, თითქმის დაუჯერებელი ამბავის უტყუარობაზე უფრო მიუთითებს.

„კლიცის სამხედრო პოლიგონის, სადაც ბუნდესვერი უკრაინელებს „ლეოპარდ-1“ ტიპის ტანკებზე ამზადებს, თავზე რეგულარულად დაფრინავენ უპილოტოები, ხოლო სხვა ბაზების საჰაერო სივრცეში რამდენიმე დრონი ერთდროულად შეფრინდება ხოლმე. ეს კარგად ორგანიზებულია და მიუთითებს რუსეთის კვალზე“, - აცხადებს „ბილდთან“ ინტერვიუში გერმანელი სამხედრო ექსპერტი მარკუს ფაბერი.

ნილს ჰილმერი,გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კი იძულებული ხდება აღიაროს - „ჯერ-ჯერობით ჩვენ ვერ შევძელით დაგვეკავებინა ვერც ერთი დრონი, ისევე როგორც, მათი ოპერატორები“.

1-droni-1704706007.jpg
გერმანელ სამხედრო პოლიციელებს კი დაურიგეს HP 47 ტიპის რადიოლექტრონული ბრძოლის ანტიდრონული იარაღი პოლიგონების თავზე „რუსული“ დრონების „ნავარდობის“ აღსაკვეთად, მაგრამ როგორც ხედავთ, ჯერჯერობით უშედეგოდ...


ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბრისთვის „უცხოპლანეტელების“ დრონებმა თურმე ისე მოუხშირეს „ნავარდობა“ ბუნდესვერის სამხედრო ობიექტების თავზე, რომ გერმანელ სამხედრო პოლიციელებს დაურიგეს HP 47 ტიპის რადიოლექტრონული ბრძოლის ანტიდრონული იარაღიც კი, მაგრამ, როგორც ხედავთ უშედეგოდ...

საქმე უკვე იქამდეც მივიდა, რომ თავად გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსიც კი შეეხო ამ პრობლემას - „ჩვენ ომისთვის მზად უნდა ვიყოთ...ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება რუსეთს, რომ პოლიგონებზე ჯაშუშობა განახორციელონ“...

მაგრამ რით დაუმტკიცებენ გერმანელი გენერლები კრემლს, რომ სწორედ რუსული სადაზვერვო დრონები აკვირდებიან გერმანიის პოლიგონებზე უკრაინელი ტანკისტების „ლეოპარდებზე“ მომზადების პროცესს, მათ ხომ ამის დამადასტურებელი რაიმე ნივთიერი მტკიცებაც კი ვერ მოიპოვეს დღემდე?

გინდაც რომ ჩამოაგდონ გერმანული პოლიგონის თავზე რომელიმე კვადროკოპტერი(გასაგებია, რომ გერმანიის პოლიგონებამდე რუსეთიდან არ მიფრინავენ თვითმფრინავის კონსტრუქციის დიდი გაბარიტების სადაზვერვო დრონები, იქ მომცრო კვადროკოპტერები დაფრინავენ), რითი დაამტკიცებენ, რომ ის მაინდამაინც რუსმა აგენტმა გაუშვა და არა ვინმე მოყვარულმა თინეიჯერმა ააფრინა მაღაზიაში ნაყიდი შედარებით იაფаასიანი ჩინური „მავერიკი“?

ეს კი არა, ნატოს წევრი პოლონეთის ტერიტორიის შუაგულში რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა, რომელსაც ბირთვული ქობინის გადატანაც შეეძლო და მიუხედავად ამისა, ვერც პოლონეთმა და ვერც მთელმა ნატომ მოსკოვს ბუზიც კი ვერ აუფრინა...

2-droni2-1704706093.png
უკრაინის არმიისთვის გაგზავნილი ამერიკული „აბრამსების“ ამ ეშელონს, პოლონეთის რკინიგზაზე ფარულად დამონტაჟებული ვიდოკამერებით რუსეთის დაზვერვა თურმე ოპერატიულად აფიქსირებდა...


უფრო მეტიც - უკრაინის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის სისტემატური დაბომბვებისას რუსული კამიკაძე-დრონები მეზობელი რუმინეთის, ასევე ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიასაც არანაკლებ სამჯერ „ეწვივნენ“ და რა იყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პასუხი? რუსეთს რუმინეთზე თავდასხმა არ ჰქონია განსაზღვრული, მისი „შაჰიდები/გერანები“ შემთხვევით ჩამოვარდნენ და აფეთქდნენ ალიანსის წევრი ქვეყნის მიწაზეო - თავი დაიმშვიდეს ნატოში...

პოლონეთის რკინიგზაზე აღმოაჩინეს ფარულად დამონტაჟებული მინი-ვიდოკამერები, რომლებიც ონლაინ -რეჟიმში გადასცემდნენ იმ სარკინიგზო ეშელონების ჩავლის ვიდოკადრებს, რომლებსაც უკრაინის საზღვრისკენ დასავლეთის მიერ უკრაინის დამცველებისთვის „გამეტებული“ „ლეოპარდები“, „აბრამსები“ თუ „მარდერები“ გადაჰქონდათ ღია პლატფორმებით...

უკრაინის, ისევე როგორც ევროპის რიგი ქალაქების ქუჩის ვიდოკამერები ისეთ ქსელებშია ჩართული, რომელთაგან ვიდეოკადრების აღება არ უჭირთ რუსეთის სადაზვერვო ორგანოებს და საშუალება აქვთ, დროის რეალურ რეჟიმში ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ რა ხდება ამ ქალაქების ქუჩებში იმ წამს, თუნდაც ის, თუ კიევისა ან ხარკოვის რომელ სახლს დაეცა და აფეთქდა რუსეთიდან გაშვებული მორიგი „ისკანდერი“ თუ „კალიბრი“(დიდი ეჭვი მაქვს, რომ თბილისის ქუჩების ვიდეოკამერების გადაღებულს ასევე ონლაინ-რეჟიმში უყურებენ მოსკოვში)...

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი წელი სრულდება რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს და აგრესორის რეალური სახე მთელ მსოფლიოს აჩვენა(არადა, ამის დანახვა სურვილის შემთხვევაში, ,ჯერ კიდევ რუსეთის საქართველოზე თავდასხმის დროს შეიძლებოდა), დასავლეთის ბიუროკრატია დანაშაულებრივ უმოქმედობას ამჟღავნებს იმ რეალური საფრთხეების წინაშე, რაც პუტინის რუსეთისგან მოდის და არა მარტო უკრაინის წინააღმდეგ...

და ყველაფერი ამის შემდეგ, ის უნდა გვიკვირდეს, თუ როგორ დაუსჯელად ზვერავენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან აფრენილი რუსული დისტანციურად მართვადი უპილოტო თვითმფრინავები დანარჩენი საქართველოს სამხედრო ობიექტებს, თუკი თავად გერმანიაშიც კი ვერ მოუგვარებიათ ეს დიდი პრობლემა?

წყარო

აგრეთვე იხილეთ: